თბილისი, 22 იანვარი – დღეს ქართველი მაყურებელი და ქართულ-სომხური ინტელექტის გულშემატკივარი ახალი გამარჯვების მომსწრე გახდა. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ინტელექტუალთა შორის 119-139 კგ წონით კატეგორიაში დაამყარა საქართველოს რეკორდი და ამავდროულად გახდა მსოფლიო ჩემპიონი აზროვნებაში.
შეჯიბრი 8 საათიანი იყო და მარათონის ხასიათს ატარებდა, სადაც ფინალში საქართველოს გიორგი ბაქრაძის სახელობის ეროვნულმა გუნდმა რუსეთის ნაკრები დაამარცხა და მიიღო უდიდესი გამარჯვება, აღტაცება, სიამაყე, თავდაჯერებულობა და ფული, როგორც ეს რუსეთის ნაკრების ყოველი დამარცხებისას ხდება ხოლმე. როგორც ინტელექტუალები აცხადებენ, ასეთი რთული თამაშები არაერთხელ ჩაუტარებიათ, თუმცა მათთვის რუსეთის დამარცხება უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე უბრალოდ გამარჯვება. “რუსები გაუნათლებლები არიან და წიგნებს აღარ კითხულობენ, მთელი თავისი დროის 140%-ს გართობაში ატარებენ” – განუცხადა ნაკრების ერთერთმა სათვალეებიანმა წევრმა ნი2-ის სპეციალურ კორესპონდენტს კერძო საუბრისას. ჩვენ ასევე ვეცადეთ ინტერვიუ აგვეღო გიორგი მოსიძისაგან, მაგრამ ბატონი წამყვანი კონტაქტზე არ გამოდის, როგორც გაირკვა ბატონი გიორგი აზერბაიჯანში იმყოფება მეუღლესთან ერთად.
საქართველოს წარმატებით გახარებულმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მომავალი მსოფლიო ჩემპიონატი ინტელექტში ქალაქ ლაზიკაში ჩატარდეს, რისთვისაც უკვე გამოყოფილია თანხა ბიუჯეტიდან და რამდენიმე ნავი ყოველი შემთხვევისათვის. ნი2-ის ინტელექტუალურად ამაღლებული გუნდი ულოცავს ქართველ ინტელექტუალებს გამარჯვებას და გონებრივ ზრდას უსურვებს.

